1. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები გამოიწერება ყვითელი ფერის სპეციალური რეცეპტის ბლანკზე (ფორმა 1);

            2. გამოწერილ რეცეპტში (ფორმა 1) აღნიშნული უნდა იყოს:

            ა) ავადმყოფის სახელი, მამის სახელი, გვარი, ასაკი;

            ბ) ამბულატორიული ბარათის ნომერი;

            გ) დიაგნოზი;

            დ) რეცეპტის გამომწერი ექიმის სახელი და გვარი;

            ე) გამოწერილი ნარკოტიკული საშუალების დასახელება;

            ვ) ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა;

            ზ) მიღების წესი;

            თ) გამოწერის თარიღი.

            3. რეცეპტი ნარკოტიკული საშუალების მისაღებად გამოიწერება ორ ცალად, გადამღები ქაღალდის მეშვეობით. პირველი პირი გაიცემა ნარკოტიკული საშუალების მიმღებზე, ხოლო მეორე პირს უკეთდება წარწერა “ასლი” და ინახება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელ პირთან 5 წლის განმავლობაში.             რეცეპტის ბლანკის დედნისა და ასლის სერიები და ნომრები იდენტურია.

            4. აკრძალულია რეცეპტის ასლის შტამპითა და ბეჭდით დამოწმება.

            5. რეცეპტის ბლანკი (ფორმა 1) ვარგისია 5 დღის განმავლობაში, გამოწერის დღის ჩათვლით.

            6. ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და გამოწერის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

            7. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი, რომელიც საჭიროებს ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომატურ მკურნალობას, გარკვეული მიზეზების გამო ცხოვრობს ნათესავთან ან სხვა ახლობელთან, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით უახლოესი ამბულატორიული დაწესებულება ვალდებულია დადგენილი წესით აღრიცხვაზე აიყვანოს ასეთი ავადმყოფი (ამ უკანასკნელის მიმართვის შემთხვევაში) და გაუწიოს ყველა სახის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება.

            8. ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები გამოიწერება მწვანე ფერის სპეციალური რეცეპტის ბლანკზე (ფორმა 2).

            9. ერთ რეცეპტზე დასაშვებია მხოლოდ ერთი დასახელების მედიკამენტის გამოწერა.

            10. გამოწერილ რეცეპტში (ფორმა 2) აღნიშნული უნდა იყოს:

            ა) ავადმყოფის სახელი, გვარი;

            ბ) ამბულატორიული ბარათის ან რეგისტრაციის ნომერი;

            გ) რეცეპტის გამომწერი ექიმის გვარი;

            დ) გამოწერილი სამკურნალო საშუალების დასახელება;

            ე) ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა;

            ვ) მიღების წესი;

            ზ) გამოწერის თარიღი;

            11. სამკურნალო დაწესებულებაში გამოწერილი რეცეპტი (ფორმა 2) მოწმდება დაწესებულების შტამპით, ბეჭდით “რეცეპტებისათვის” და ექიმის პირადი ბეჭდით.

            12. რეცეპტის ბლანკი (ფორმა 2) ივსება გარკვევით, მელნით ან ბურთულიანი კალმით და მასში ყოველგვარი შესწორების შეტანა აკრძალულია.

            13. გამოწერილი რეცეპტი (ფორმა 2) ძალაშია 14 დღის განმავლობაში, გამოწერის დღის ჩათვლით.

            14. აკრძალულია ბეჭედდასმული და ხელმოწერილი რეცეპტის ბლანკის (ფორმა 1 და ფორმა 2) შენახვა, აგრეთვე, გამოწერამდე მათი შტამპითა და ბეჭდით დამოწმება.

            15. რეცეპტის ბლანკების (ფორმა 1 და ფორმა 2) აღრიცხვა ხორციელდება ზონარგაყრილ, დანომრილ, დაწესებულების ბეჭდითა და ხელმძღვანელის ხელმოწერით დალუქულ სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელსაც აწარმოებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ბრძანებით გამოყოფილი პირი.    ჟურნალში ფიქსირდება:

            ა) რეცეპტის ბლანკების გამცემი დაწესებულებიდან გამოტანილი რეცეპტის ბლანკების დასახელება;

            ბ) გამოტანილი რეცეპტის ბლანკების რაოდენობა სერიებისა და ნუმერაციის მითითებით;

            გ) ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;

            დ) რეცეპტის ბლანკების გამოტანის თარიღი;

            ე) რეცეპტის ბლანკების ექიმზე გაცემის თარიღი;

            ვ) ექიმზე გაცემული რეცეპტის ბლანკების რაოდენობა სერიისა და ნომრის მითითებით;

            ზ) რეცეპტის ბლანკების მიმღები ექიმის ხელმოწერა (გარკვევით) და თარიღი;

            თ) განადგურებული რეცეპტის ბლანკების სერიები და ნომრები.

            16.  ჟურნალი დაწესებულებაში ინახება 5 წლის განმავლობაში.

            17. ფორმა N2 რეცეპტის გამოწერის უფლება აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც მისი საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას პაციენტს უნიშნავს ფსიქოტროპულ მედიკამენტს ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებას და რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აწარმოებს  სამედიცინო დოკუმენტაციას.

            18. აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სანარკოზო საშუალებების რეცეპტის ბლანკზე გამოწერა.

            19. ექსტემპორალურად მომზადებული წამალი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს, აფთიაქიდან გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში.

            20. თუ ექსტემპორალურად მოსამზადებელი წამლის შემადგენლობაში შედის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება, მაშინ რეცეპტში (ფორმა 1, ფორმა 2) ის გამოიწერება დასაწყისში.

            21. რეცეპტზე (ფორმა 1 და ფორმა 2) გამოსაწერი სამკურნალო საშუალების ისეთი ოდენობით გამოწერისას, რომელიც აღემატება ერთჯერად მაქსიმალურ დოზას, აფთიაქის ფარმაცევტს უფლება არა აქვს გასცეს წამალი დადგენილი უმაღლესი გამოსაწერი დოზის ნახევარ ოდენობაზე მეტი. ამ შემთხვევაში ფარმაცევტი ვალდებულია რეცეპტის უკანა გვერდზე გააკეთოს ჩანაწერი ფაქტიურად გაცემული რაოდენობის მითითებით, რაზეც ხელს აწერს წამლის მიმღები.

            22. გაუვარგისებული რეცეპტის ბლანკი (ფორმა 1, ფორმა 2) გადაიხაზება ჯვარედინად, იხვრიტება და ინახება განადგურებამდე რეცეპტის ბლანკების აღრიცხვაზე პასუხისმგებელ პირთან.

            23. გაუვარგისებული რეცეპტის ბლანკის განადგურება ხდება თვეში ერთხელ, დაწვის გზით, იმ კომისიის მიერ, რომელიც უფლებამოსილია გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულების (სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებაში) ან დაბრუნებული ნარკოტიკული საშუალებების განადგურებაზე (ამბულატორიული დაწესებულებები). თუ დაწესებულებას არ გააჩნია მუდმივმოქმედი კომისია, მაშინ გაუვარგისებული რეცეპტების განადგურებას ახდენს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით გამოყოფილი კომისია, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი პირისაგან.

            24. განადგურებული რეცეპტის ბლანკების სერიები და ნომრები ფიქსირდება ამ წესით გათვალისწინებულ სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში.

            25. რეცეპტი (ფორმა 1) აფთიაქში ინახება 5 წლის, ხოლო  ფორმა 2 რეცეპტი,  3 წლის განმავლობაში.

            26. რეცეპტი (ფორმა 1, ფორმა 2), რომელიც არ პასუხობს ამ წესით დადგენილ რომელიმე მოთხოვნას, ითვლება ძალადაკარგულად და მის საფუძველზე წამლის გაცემა აკრძალულია.

            27. შესაბამისი სერტიფიკატის მქონე კერძო პრაქტიკის ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი ფორმა 2 მოწმდება პირადი ბეჭდით და ხელმოწერით, ხოლო იმ ადგილზე, სადაც მინიშნებულია “სამკურნალო დაწესებულების შტამპი”, იწერება ფიზიკური პირის დასახელება და შესაბამისი სერტიფიკატის ნომერი.

28. კერძო პრაქტიკის ექიმის მიერ რეცეპტის ბლანკის გამოწერის ყოველი ფაქტის შესახებ ჩანაწერი კეთდება ავადმყოფის ინდივიდუალურ ბარათში და სპეციალურ ჟურნალში. ავადმყოფის ინდივიდუალურ ბარათში მიეთითება გამოწერილი სამკურნალო საშუალების რაობა და რაოდენობა, მისი დანიშვნის დასაბუთება, ერთჯერადი ან სადღეღამისო დოზა, რეცეპტის ბლანკის ნომერი და გამოწერის თარიღი, ხოლო სპეციალურ ჟურნალში ფიქსირდება ავადმყოფის სახელი და გვარი, გამოწერილი სამკურნალო საშუალების რაობა, რაოდენობა, რეცეპტის ბლანკის ნომერი და გამოწერის თარიღი.

            29. რეცეპტის ბლანკების (ფორმა 2) მისაღებად კერძო პრაქტიკის ექიმი წერს მოთხოვნას რეცეპტის გამცემი დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე, რომელშიც მიუთითებს რეკვიზიტებს, სახელს, გვარს, პირად ნომერს, შესაბამისი სერტიფიკატის ნომერს, რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობას, ხოლო მოთხოვნას ამოწმებს ხელმოწერით,.

            30. კერძო პრაქტიკის ექიმზე რეცეპტის ბლანკები ფორმა 2 ერთჯერად გაიცემა არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ცალისა.

            31. კერძო პრაქტიკის ექიმი რეცეპტის ბლანკებს უნდა ინახავდეს სეიფში.

            32. კერძო პრაქტიკის ექიმს უნდა გააჩნდეს რეცეპტის ბლანკების სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

            ა) შესაბამისი სამსახურიდან რეცეპტის შეძენის თარიღი;

            ბ) შეძენილი რეცპტების რაოდენობა სერიებისა და ნუმერაციის ჩვენებით;

            გ) ანგარიშ-ფაქტურის ნომერი.

ქართული