პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის (ფორმა№1 და ფორმა №2) ფორმების დამტკიცებისა და მისი გამოწერის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესის შესახებ
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 28-ე და 31 მუხლების, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს:
ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი ფორმა №1 და ფორმა №2 რეცეპტის გამოწერის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი (დანართი №1);
ბ) ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკი ფორმა №1 (დანართი №2);
გ) ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკი ფორმა №2 (დანართი №3);
დ) რეცეპტის ბლანკების სააღრიცხვო ჟურნალის ფორმა (დანართი №4).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 11 აპრილიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი