,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 470230000.22.035.016280) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი) მე-3 მუხლის: ა)  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება მხოლოდ გენერიკული დასახელებით. გამონაკლის შემთხვევაში (კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი, ვიწრო თერაპიული ინდექსის ფარმაცევტული პროდუქტი, ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც არ გააჩნია გენერიკი, ასევე, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები), დასაშვებია ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელებით გამოწერა. რეალიზატორი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს გამოწერილი გენერიკის შესაბამისი 3 ყველაზე დაბალი ფასის ფარმაცევტული პროდუქტი (სამკურნალო საშუალება) პოზიტიური სიიდან, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

8. რეცეპტში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, ფორმა და დოზა იწერება სახელმწიფო ან ლათინურ ენაზე. ლათინური შემოკლებების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტულ პრაქტიკაში დაშვებული ძირითადი სარეცეპტურო შემოკლებებით (დანართი №1.1).“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების, ასევე კონტრაცეფციის ორალური საშუალებების შემთხვევაში გამოწერილი რეცეპტის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.“.

მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 11 აპრილიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

ქართული